გუშინ ჩემი დიდი ხნის უნახავი მეგობრები ვნახე, რა თქმა უნდა, ძალიან ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ, თუმცა სხვა რამის გამო ვწერ ამას…
თოკო – ის ყოველთვის პატრიოტი იყო, განსაკუთრებულად უყვარდა საქართველო, ქართველები, ქართული და ყველაფერი, რაც აქაურთან იყო დაკავშირებული. დაკარგულ ტერიტორიებს ისე განიცდიდა, თითქოს 90-იანებში ხელი მოაჭრეს და იმის მერე შეხორცება აღარ ეღირსა, სანამ ესე ცალხელა დადიოდა, სულ ახლახან, ესოდენ განვითარებული XXI საუკუნის, 2008-ის აგვისტოში მეორეც იმ პირველ ხელს მიაყოლეს და რაღა დარჩა საწყალი თოკო, ისე ნერვიულობდა, გვეშინოდა, სულ არ გაქრესო.. ასეთი პატრიოტი ახალგაზრდები, რომ კიდევ არსებობენ მიხარია, მართლა ძალიან მიხარია.
ყველაზე მეტად რაზე წუხდა იცით? – ქართველებს ქართული იერსახე ეკარგებათ და ქართულ ენას საერთოდ გადაშენება ემუქრებაო, მართალიც იყო, ტელეეთერიდან, მეგობრებში, უნივერსიტეტში, პრეზენტაციებზე, დაწესებულებებში, მოკლედ ყველგან ხომ უკვე გადაჯიშებული ქართულ-ინგლისური ”სლენგით” საუბრობენ…
რაღაცნაირი დამაფიქრებელი ლაპარაკი იცის ამ ბიჭმა… ბევრნი ვიყავით ბავშვები, ზოგს სიცილად არ ყოფნიდა ამის გულისტკივილი, ზოგი უსმენდა, მაგრამ ზრდილობის გულისთვის, ზოგს მართლა დაენანა საქართველო, მაგრამ სხვა მნიშვნელოვანი საქმეები უფრო ადარდებდა! მორალი: ძალიან ძალიან ცოტაღა დარჩა ისეთი, ვინც მართლა ფიქრობს, რომ ქუჩაში ნაგვის დაყრა, პირველ რიგში შინაგანი სიბინძურეა, შუქნიშნის 3 ფერში, ყველა მწვანედ რომ გეჩვენება, არც ეგაა ”კაიბიჭობა”, საკუთარ დედასთან ასოცირებული გინების გარეშე, ჩავლილი საუბრის ფასი, ჩალაზე უფრო იაფია. განა ეს ჩვენი, ყველას პრობლემა არ არის? ხოდა ამის გამოსწორება ისე უნდოდა, ისე… მაგრამ ბევრი მისნაირი უნდოდა გვერდით ჰყოლოდა, რომ ერთად ეცადათ…
რატომ მინდოდა დამეწერა იცით? – მე გადმომედო ამის შემართება, თან ისე გადმომედო რთულადგადასატანი ვირუსივით, სანამ შენ თვითონ არ მიხედავ თავს, არანაირი წამალი რომ არ შველის… ხოდა იცით, როგორ მინდა თქვენც გადმოგდოთ?! ყველას შეგვიძლია ასე ვიფიქროთ და მერე ბევრი… ბევრი გახდება ჩვენიანი…
ჩვენი ბლოგი (თ)