“მეტიჩრული მარგალიტების სამარცხვინო რეიტინგი” – 3

October 23, 2009

მეგობრებო,

„მეტიჩრული მარგალიტების სამარცხვინო რეიტინგს“ კიდევ ერთი „კონკურსანტი“ შეემატა. დიდი ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას შვილიშვილი, თავად კოკო გამსახურდია.

clip_image002

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – ოპორტუნიზმი

(23.10.09 ნინო შუბლაძის შოუ „პოზიცია“

ჩვენი ბლოგი (ნ)


ერთი სახალისო ამბავი

October 21, 2009

ცოტა ხნის წინ ლექციაზე glexi-qvevriძალიან საინტერესო რამეზე ვსაუბრობდით და ეს საკითხი ჩვენს ბლოგზე წამოჭრილ თემატიკას ძალიან ჰგავდა, ხოდა ამიტომაც გადავწყვიტე, დამეწერა.

მე მგონი, ყველასთვის ნათელია, რომ მედია, უდავოდ, დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, სწორედ რომ მედია ამკვიდრებს ახალ-ახალ შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხზე და ხშირად ადამიანების ლექსიკონზეც ახდენს ხოლმე გავლენას.

რაღა ბევრი გავაგრძელო ტელევიზიაა ყველაზე დიდი ნოვატორი ამ საქმეში, ხალხი მას ყველაზე ხშირად უყურებს და სწორედ ის ხდება საზოგადოების სალაპარაკო ენა, რა ენაზეც ჩვენ დიდი “ელექტრო-ყუთი” გვესაუბრება :)

და აი, რას ყვებოდა ბატონი ლექტორი – ერთ-ერთ არხზე, სიუჟეტი ვნახე, სადაც ჟურნალისტი აშუქებდა რომელიღაც სოფელში მომხდარ წყალდიდობაზე, რომელმაც გლეხებს მოსავალი დაუზიანა. სიუჟეტს მეტი დააჯერებლობისთვის ახლდა მოსახლეობის კომენტარი, ერთ-ერთმა გლეხმა ასე დაიწყო საუბარი ჟურნალისტთან: სრული პასუხისმგებლობით მინდა დავაფიქსირო….. და ა.შ. დანარჩენს აღარ აქვს მნიშვნელობა.

დასკვნით კომენტარს, ვფიქრობთ, ეს ამბავაი აღარ საჭიროებს, მაგრამ მე მაინც მინდა ვთქვა ერთი რამ – განა გლეხი გამართული ქართულით არ უნდა საუბრობდეს? განა მას არ აქვს უფლება გამოთქვას თავისი აზრი ოფიციალური, “მინისტრული” ენით? უბრალოდ ჩვენი პრობლემა ისაა, როცა ვინმეს ტელევიზორში გაგონილი, ყველაფერი სწორი ჰგონია (მაგ: “პატრულის” ლექსიკონი – ლოკალიზებულ იქნა, მოხდა მისი პოვნა) და ის საკუთარ მეტყველებაშიც გადმოაქვს.

სულ ეს იყო ჩემი სათქმელი :)

ჩვენი ბლოგი (თ)


ჩემი “First step”–ი . .

October 16, 2009

უკვე დიდი ხანია რაც ვგეგმავ ერთი სტატია მაინც შევმატო ჩვენს ბლოგს,. . . თუმცა აქამდე ვერაფრით მოვახერხე, ამის მიზეზეს კი ალბათ ყველა მიხვდება და „ბულით ფოინთების“ გაკეთებას აღარ დავიწყებ. . .

ახლა კი როდესაც „ფულთაიმი“ სამუშაო დავიწყე, ამ „ნიუ ჩელენჯმა“ კიდევ უფრო მეტად წამართვა „სფეარ თაიმი“ . . .

ყოველი დღე ერთი და იგივე რუტინით იწყება და მთავრდება… თუმცა შუადღეს ერთსაათიანი „ბრეიქი“ გვაქვს, ე.წ. „ლანჩთაიმი“ . . . რის შემდეგაც კვლავ „ვორქშოფს“ ვუბრუნდები …

ასეთი მეტყველება ალბათ ბევრისთვის „ნოუვილინგნესია“, მაგრამ სამწუხაროდ ყოველდღიურ მეტყველებაში ხშირად ვიყენებთ ასეთ ბარბარიზმებს, რაც მასმედიის დიდი დამსახურებაა . . . და რაც ჩემი და ჩემი მეგობრების ფრაზეოლოგიაშიც აისახება…

არ ვიცი რამდენად გამომივიდა, მაგრამ მინდა ეს სტატია ერთგვარი „ჰინტი“ იყოს ჩემი მეგობრებისათვის, რომ ვიწყებ აქტიურ ბრძოლას ასეთი „მარგალიტების“ წინააღმდეგ. . .

“ჩვენი ბლოგი” (ა)


October 11, 2009

ახალი ლიდერი გვყავს!!!

  1. ტელეკომპანია “იმედი” თამთა სანიკიძე- “ფილმი გოსტი”  -20,00
  2. ტელეკომპანია “იმედი” - ეს იქნება “ინთერთეიმენთ მუვი” -19,40
  3. პეტრე ცისკარიშვილი: -“ჩვენ ვიმყოფებით “რეჟიმ ჩეინჯის” მდგომარეობაში” “სიტუაციის “ალარმიზაცია”-19.16
  4. პირველი არხი -“ევრო ვიზია ჯუნიორი” “მის მსოფლიო ჯუნიორი” -18,60
  5. რუსთავი 2 - სტუმრები იქნებიან ცნობილი ადამიანები “სელებრითები” (კურიერი) -16,60
  6. რუსთავი 2 ნატა მახვილაძე-“ბორდის შემადგენლობა”   (კურიერი)   -14,20
  7. გოკა გაბაშვილი: -”კრიმინალური “ქეისები”-12.50
  8. გიორგი თარგამაძე:- “ისტაბლიშმენტი”-11.40

როგორც ხედავთ, ტელეკომპანია იმედი  მომზადებული შეხვდა ჩვენი კონკურსის მეორე ტურს და რეიტინგს  სათავეში მოექცა.  : )

მაგრამ წინ ისეთი კონკურსანტი ელოდება, მე მგონი ნამდვილად გაუჭირდება ამ ადგილის შენარჩუნება.

მაშ ასე წარმოგიდგენთ რუსთავი 2-ს ჟურნალისტს  მაია ლომიძეს!!!

რუსთავი 2,   7 ოქტომბერი 2009 წელი.   საინფორმაციო გადაცემა კურიერი.      დაახლოებით 22 საათი და 50 წუთი…შეიძლება 57.

ჟურნალისტი გვიყვებოდა დიზაინერ თამუნა ინგოროყვას შესახებ, სიუჟეტი ნამდვილად კარგად იყო მომზადებული, მაგრამ სამწუხაროდ “მარგალიტების”  მთელი კორიანტელი მოიპოვებოდა… მართლა გასაგებია, როდესაც მოდის სამყაროზე ლაპარაკობ ალბათ ძნელია თავი შეიკავო ისეთი სიტყვებისგან როგორებიცაა: “შოურუმი” “გლობალური შოპინგი” და ა.შ. და მიუხედავად იმისა რომ ეს სიტყვები სულაც არ არის ქართული, არ ვაპირებდით ამის შესახებ დაწერას ჩვენ ბლოგში, მაგრამ რაც ამ სიტყვებს შემდეგ მოჰყვა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მოკლედ ბევრს არ გავაგრძელებ  და პირდაპირ ფრაზას შემოქთავაზებთ.

“ამ დროს, საფრანგეთში, მოდის დედაქალაქში, უამრავი დიზაინერი, მოდის კრიტიკოსი და ბაიერი იკრიბება”

ბაიერი , ბაი-ერი, ბა-ი-ე-რ-ი, ბ-ა-ი-ე-რ-ი. მართლა ასე თქვა. თავიდან ვერ დავიჯერე, შემდეგ გადავამოწმე და ნამდვილად ასეა. ჟურნალისტი ალბათ ამ სიტყვაში მყიდველებს (buyer) გულისხმობდა.       ჩემი აზრით ეს უკვე მეტისმეტია !!!  თქვენ როგორ ფიქრობთ? : )

ნამდვილად გამიხარდებოდა, რომ ვერც ერთი ასეთი მარგალიტი ვერ მეპოვა, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან, ძალიან ბევრია.

ქულების დაწერა არ დაგავიწყდეთ!!! ვფიქრობ ამ ფრაზას აქვს პოტენციალი დიიიიდ მიზნებს მიაღწიოს. : )

    “ჩვენი ბლოგი” (ბ)


    Prime Time :) – რა შედეგი შეიძლება მოყვეს “მარგალიტებს”?

    October 6, 2009

    არ ვიცი.

    ვიცი, რომ საქართველოში ყველაზე პოპულარული ენათმეცნიერი ოდესღაც ცეცხლსასროლი იარაღით დარბოდა და სავარაუდოდ ტელევიზიის შენობასაც ესროდა, ოღონდ არა ქართული ენის დაცვის მიზნით. ვიცი, რომ ცნობილი მეტყველების პედაგოგი, რომელსაც ქართველი ჟურნალისტების სამეტყველო აპარატის ,,მოვლა-პატრონობა” ევალებოდა, ყავის სმის მეტს არაფერს აკეთებდა ტელევიზიის სასადილოში.

    ასევე, ვიცი მასმედიის მესვეურთა პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით: ,,ხალხს მათთვის გასაგებ ენაზე უნდა ელაპარაკო! ”.

    ჩემი აზრით პრობლემის თავი და თავი გაუცხოებაა, რომელიც თანამედროვე ქართულ ენას თან სდევს და ჩემი მცირედი წვლილის შეტანაც ბარბარიზმთან ბრძოლაში მას შემდეგ შევწყვიტე, რაც ,,ჩემი ჭეშმარიტი ქართულის” გამო რამდენჯერმე უხერხულ სიტუაციაში აღვმოჩნდი, ან მაშინ შევწყვიტე, როდესაც ერთმა, ,,საოცრად კომპეტენტურმა” ადამიანმა მთხოვა, რომ არ გადამეღალა ტვინი შესაბამისი ქართული სიტყვების ძებნაში და მარტივად მეთქვა სათქმელი და გამოსავალი მენახა იქ, სადაც ,,ალარმი” განგაშს ან ,,თენჯიბლ” ხელშესახებს ცვლის.

    ერთი შეხედვით, ახალი (უცხო) სიტყვების შემოსვლა ქართულ ენაში ნაკლებად მტკივნეული უნდა იყოს, რადგან თუ ოდესღაც ,,ფარდა”, ,,ხალიჩა” და ,,ჩანთა” შევიყვარეთ, ,,ო.ქ.”, ,,მესიჯი” და ვაი-ს ნაცვლად ,,უფს” რითია ნაკლები.? ჩვენ ხომ დასავლეთისკენ მივილტვით… :)

    თუმცა, თქვენი არ იყოს, მეც ვერაფრით შევიყვარე ე.წ. ,,მარგალიტები’’ და გარდა ქართული ენის დამახინჯებისა, ინტელექტუალურ სიბეცეზეც მიმანიშნებს.

    P.S. იმედია ქართული ენა მალე ,,დაბრუნდება სახლში” და თან ,,ნადავლს” მოიყოლებს, რომელსაც ქართული საზოგადოება სათანადო ადგილს მიუჩენს. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ თუ მომავალი საზოგადოების ,,სათავეში” გრიგოლ რობაქიძე და იოსებ გრიშაშვილი იქნებიან (სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ?), აუცილებლად გრიშაშვილი გაიმარჯვებს.

    ზურა


    “მეტიჩრული მარგალიტების სამარცხვინო რეიტინგი” – 2

    October 6, 2009

    მაშ ასე, დროა შევაჯამოთ ჩვენი “კონკურსის” პირველი ტური და ახალ მონაწილეებსაც მივცეთ “თავის გამოჩენის” შანსი. პირველ ტურში ქულები ასე გადანაწილდა.

    1. ცისკარიშვილიპეტრე ცისკარიშვილი: “ჩვენ ვიმყოფებით “რეჟიმ ჩეინჯის” მდგომარეობაში” “სიტუაციის “ალარმიზაცია”-19.28
    2. გაბაშვილიგოკა გაბაშვილი: “კრიმინალური “ქეისები”-12.57
    3. თარგამაძეგიორგი თარგამაძე: “ისტაბლიშმენტი”-12.14

      (ბატონი პეტრე დამაჯერებლად ლიდერობს :) )
      ახლა კი ჩვენი შემდეგი “კონკურსანტები” !!!

      • ტელეკომპანია “იმედი” - ეს იქნება “ინთერთეიმენთ მუვი” (14.08.09 ქრონიკა 15:00)
      • რუსთავი 2 - სტუმრები იქნებიან ცნობილი ადამიანები “სელებრითები” (კურიერი)
      • პირველი არხი “ევრო ვიზია ჯუნიორი” “მის მსოფლიო ჯუნიორი”
      • ტელეკომპანია “იმედი” – “ფილმი გოსტი” თამთა სანიკიძე (ქრონიკა 15.09.09 11:00)
      • რუსთავი 2 “ბორდის შემადგენლობა” ნატა მახვილაძე  (კურიერი)

      მართლა არ მესმის, ტელევიზიაში, ყველა ტექსტს და სიუჟეტს სანამ ეთერში გაუშვებენ რამოდენიმეჯერ ამოწმებენ და მაინც როგორ ხდება ისე, რომ ასეთი “მარგალიტები” ხშირად “გამობრწყინდება” პატივცემულ ტელეკომპანიებში. ნუთუ ვერც ერთმა ჟურნალისტმა ვერ შეამჩნია ის რომ ეს სიტყვები ქართული არ არის, ნუთუ არც ერთი არ შეწუხდა ამით. . . სამწუხაროდ არ ვიცი. . .

      :) ქულების დაწერა არ დაგავიწყდეთ ასე ხომ უქმად ჩაივლის მათი “შრომა” 1 დან  20 მდე. შეგიძლიათ ცისკარიშვილი, გაბაშვილი, თარგამაძის ტრიოსაც დაუწეროთ ქულები. :)   შეგახსენებთ ჯერ ჯერობით ლიდერობს ბატონი პეტრე ცისკარიშვილი – 19,28 ქულით !!! :)

      თუ მოხდება სასწაული და თქვენც შემთხვევი გადააწყდით ასეთ მარგალიტებს აუცილებლად მოგვწერეთ. ოღონდ აუცილებლად მიუთითეთ ვინ არის მისი ავტორი. . . ნუ დაუკარგავთ მათ შანს, რომ მონაწეილეობა მიიღონ ჩვენ “კონკურსში” ვინ იცის იქნებ “დიდი ჩემპიონი” იკარგება :)

      “ჩვენი ბლოგი” (ბ)


      შენი არ იცოდე, სხვისი არ გაიგონოო…

      October 5, 2009

      ახალგაზრდა თაობის განათლების პრობლემას მინდა გამოვეხმაურო.
      სამწუხარო ფაქტი სწორედ ისაა, რომ ეს მარტო მეტყველებისა და ისტორიის  ცოდნაში არ ვლინდება. მინდა ორიოდე სიტყვით ქართულ ფოლკლორს და დღევანდელი თაობის ამ საკითხისადმი დამოკიდებულებას შევეხო.

      არც თუ ისე დიდი ხნის წინ მეგობრებთან ერთად საზოგადოების ფართო წრეში აღმოვჩნდი, იქ რამოდენიმე ახალგაზრდამ  ქართული ხალხური სიმღერა წაიღიღინა, რასაც იქ მყოფი  საზოგადოების სხვა ნაწილმა დიდი ცინიზმით და ირონიით უპასუხა. დავიბენი და დავიწყე ფიქრი იმაზე თუ რა ხდება ჩვენს თავს.

      ორიოდე სიტყვით ვიტყოდი, რომ ერის ხასაითი, სულიერი წყობა, ფსიქიკა ყველაზე უკეთ ფოლკლორში აისახება- ტრადიციების, ადათის, წეს-ჩვეულებების, მუსიკალური აზროვნებისა თუ ქმედების სახით. ფოლკლორი ეროვნული მეობის, თვითმყოფადობისა და თვითგადარჩენის ძვირადღირებული საუნჯეა, რომელიც მძაფრად შეგაგრძნობინებს საკუთარი ქვეყნისადმი მიკუთვნებულობა-მიჯაჭვულობას.

      აქვე მინდა ერთი რამ გავიხსენო: გერმანიაში სწავლისას ჩემმა მაროკოელმა მეზობელმა მთხოვა ჩამერთო  მისთვის ქართული ხალხური სიმღერა. თხოვნა სიამოვნებით შევუსრულე. მან კარგა ხანს გაოცებისაგან ხმა ვერ ამოიღო და შემდეგ თქვა: “ თუ გინდა მოიხსნა სტრესი, იყო მშვიდი და კეთილი, ადამიანმა ამას ხშირად უნდა უსმინოო”.

      როცა უცხოელი ასე კარგად იგებს შენეულს, შენ რატომ უნდა იყო ცინიზმით აღსავსე როცა ქართულ ხალხურ სიმღერას მოკრავ ყურს?

      ამიტომ მოდი ჯერ შენი გაიგონე, თუნდაც ძალიან ცოტა, და მერე სხვისი რამდენიც გინდა იმდენი იცოდე.

      ჩვენი ბლოგი (ნ)


      “სააკაძე სააკაძეზე და დიღომში”

      October 2, 2009

      ვფიქრობ, ახალგაზრდა თაობას განათლების სერიოზული პრობლემა აქვს. ეს გამოიხატება არა მარტო არასწორად, არაქართულად მეტყველებაში და საუბრისას “სლენგის” გამოყენებაში, არამედ გაუნათლებლობაშიც, საქართველოს ისტორიისა და კულტურის უვიცობაში. რამდენიმე ხნის წინ სამარშუტო ტაქსით ვმგზავრობდი.

      ორი მეგობარი გოგონა იჯდა ჩემს უკან, სულმოუთქმელად და საკმაოდ ხმამაღლა საუბრობდა სხვადასხვა საკითხებზე. ამასობაში სამარშუტო ტაქსი მიუახლოვდა სააკაძის მოედანს და სწორედ ამ დროს მესმის ის, რამაც შოკში ჩამაგდო და ხმის ამოღებაც კი ვერ შევძელი… ერთი ეუბნება მეორეს: ”აუ გოგო, ისე მე ეს ძეგლი დიღომში უფრო მომწონს, ვიდრე აქ”…

      ხომ წარმოგიდგენიათ რა დამემართებოდა, ამ ორმა ახალგაზრდა (სავარაუდოდ სტუდენტები იყვნენ) გოგონამ ისიც კი არ იცის სად ვისი ძეგლი დგას და იმაზე ხომ საუბარიც ზედმეტია, ვისი ნამუშევარია ან საერთოდ, რას წარმოადგენდა თითოეული მათგანი საქართველოსთვის.

      თაკო :)


      მიყვარს მგზავრები… “თუკი საქართველო გიყვარს”

      October 2, 2009

      clip_image001გუშინ ჩემი დიდი ხნის უნახავი მეგობრები ვნახე, რა თქმა უნდა, ძალიან ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ, თუმცა სხვა რამის გამო ვწერ ამას…

      თოკო – ის ყოველთვის პატრიოტი იყო, განსაკუთრებულად უყვარდა საქართველო, ქართველები, ქართული და ყველაფერი, რაც აქაურთან იყო დაკავშირებული. დაკარგულ ტერიტორიებს ისე განიცდიდა, თითქოს 90-იანებში ხელი მოაჭრეს და იმის მერე შეხორცება აღარ ეღირსა, სანამ ესე ცალხელა დადიოდა, სულ ახლახან, ესოდენ განვითარებული XXI საუკუნის, 2008-ის აგვისტოში მეორეც იმ პირველ ხელს მიაყოლეს და რაღა დარჩა საწყალი თოკო, ისე ნერვიულობდა, გვეშინოდა, სულ არ გაქრესო.. ასეთი პატრიოტი ახალგაზრდები, რომ კიდევ არსებობენ მიხარია, მართლა ძალიან მიხარია.

      ყველაზე მეტად რაზე წუხდა იცით? – ქართველებს ქართული იერსახე ეკარგებათ და ქართულ ენას საერთოდ გადაშენება ემუქრებაო, მართალიც იყო, ტელეეთერიდან, მეგობრებში, უნივერსიტეტში, პრეზენტაციებზე, დაწესებულებებში, მოკლედ ყველგან ხომ უკვე გადაჯიშებული ქართულ-ინგლისური ”სლენგით” საუბრობენ…

      რაღაცნაირი დამაფიქრებელი ლაპარაკი იცის ამ ბიჭმა… ბევრნი ვიყავით ბავშვები, ზოგს სიცილად არ ყოფნიდა ამის გულისტკივილი, ზოგი უსმენდა, მაგრამ ზრდილობის გულისთვის, ზოგს მართლა დაენანა საქართველო, მაგრამ სხვა მნიშვნელოვანი საქმეები უფრო ადარდებდა! მორალი: ძალიან ძალიან ცოტაღა დარჩა ისეთი, ვინც მართლა ფიქრობს, რომ ქუჩაში ნაგვის დაყრა, პირველ რიგში შინაგანი სიბინძურეა, შუქნიშნის 3 ფერში, ყველა მწვანედ რომ გეჩვენება, არც ეგაა ”კაიბიჭობა”, საკუთარ დედასთან ასოცირებული გინების გარეშე, ჩავლილი საუბრის ფასი, ჩალაზე უფრო იაფია. განა ეს ჩვენი, ყველას პრობლემა არ არის? ხოდა ამის გამოსწორება ისე უნდოდა, ისე… მაგრამ ბევრი მისნაირი უნდოდა გვერდით ჰყოლოდა, რომ ერთად ეცადათ…

      რატომ მინდოდა დამეწერა იცით? – მე გადმომედო ამის შემართება, თან ისე გადმომედო რთულადგადასატანი ვირუსივით, სანამ შენ თვითონ არ მიხედავ თავს, არანაირი წამალი რომ არ შველის… ხოდა იცით, როგორ მინდა თქვენც გადმოგდოთ?! ყველას შეგვიძლია ასე ვიფიქროთ და მერე ბევრი… ბევრი გახდება ჩვენიანი…

      ჩვენი ბლოგი (თ)


      Follow

      Get every new post delivered to your Inbox.